პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს , რომ გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დიდწილად ოპოზიციის ბრალია.
"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ. ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს", - განაცხადა ელისაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა ოპოზიციის ბრალი, ელისაშვილმა განაცხადა:
"დიდწილად, დიდწილად არის ოპოზიციის ბრალი"
ცნობისთვის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაკავებული გიორგი რურუა და მისი მხარდამჭერები მისი დაკავების დღიდან აცხადებენ, რომ მთავარი არხის თანადამფუძნებელს იარაღი ჩაუდეს. ამას გარდა, პოლიტიკური ოპონენტებისა და ამერიკელი და ევროპელი კანონდმებლების ცნობით, რურუას გათავისუფლება ე.წ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. 2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა შეთანხმებით გათვალისწინებული ორი პატიმარი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, რურუა ამ დრომდე ციხეში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






