არასამთავრობო ორგანიზაცია "Human Rights Watch" საქართველოზე მომზადებულ 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს - დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსსა და ადამიანის უფლებებს ეხება.
დოკუმენტში საუბარია საგანმანათლებლო და ეკონომიკური ზარალზე, რომელიც ქვეყანას პანდემიამ მოუტანა.
ორგანიზაციის განმარტებით, პარლამენტის მიერ შეზღუდვების დაწესება - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე - არაკონსტიტუციურია.
"ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აეროპორტები და საზღვრები ჩაიკეტა, ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეიზღუდა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რაც დაახლოებით 600,000 სკოლის მოსწავლეს შეეხო... პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16%-ზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა... ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები " ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს"საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. თუმცა, წინა დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის საბაბით, პარლამენტმა მთავრობას მიანიჭა უფლებამოსილება, შეეზღუდა საკუთრების, ეკონომიკური და შრომითი უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე... ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






