ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან ოპოზიციას მოუწოდა პარლამენტში შესვლისაკენ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მუშაობისაკენ.
გოგორიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც არსებობდა გადათვლის სამართლებრივი გზა, ოპოზიციამ ყველა საუბნო კომისიისაგან და სასამართლოს ყველა დონისაგან მიიღო უარი, ხოლო როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, კობახიძის ეს შეთავაზება არის მხოლოდ თავის მოწონების მცდელობა საერთაშორისო საზოგადობასთან.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ვერანაირი ელექტრონული სისტემა ვერ უშველის და ვერ განაპირობებს ნორმალურ არჩევნებს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში.
“კობახიძისგან მსგავსი ბოდვა არაერთხელ მოგვისმენია, ის ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ოდიოზური განცხადებების გაკეთებით, ესეთი იყო გუშინდელი შეთავაზებაც, რადგან გადათვლის და საგამოძიებო კომისიის ეხლა შეთავაზება არის უბრალოდ პლიუსის დასმა ვიღაცის თვალში და ალბათ შეიძლება ცდილობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან თავი მოიწონოს.
მე ერთ რამეს შეგახსენებსთ, მაშინ როდესაც ამის შესაძლებლობა იყო სამართლებრივი გზით, თუნდაც გადათვლის და ყუთების გახსნის, ყველა საოლქო კომისიისგან და ყველა დონის სასამართლოსაგან ოპოზიციამ მიიღო უარი, ათასობით საჩივარი არ განუხილავს საოლქო კომისიებს და შემდეგ ათასზე მეტი სარჩელი ან განუხილველი დატოვა სასამართლომ, ან უარი მივღეთ.
ეხლა, ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც მათ უბრალოდ ძალიან გაუჭირდათ და რაღაცა უნდა გააკეთონ, აკეთებენ ასეთ განცხადებებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც სიხარულით ცას ეწია, არის თამარ ჟვანია, რადგან არ უხსენებია კობახიძეს ადმინისტრაციის შეცვლა, მას აქვს ალბათ ეს შიში და მოლოდინი, რომ ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და ერთადერთი ვისაც ამაზე ექნებოდა დადებითი რეაქცია იქნებოდა ცეკოს ეხლანდელი შემადგენლობა.
არანაირი ელექტრონული სისტემები, არაფერი არ უშველის და არ განაპირობებს ნორმალური არჩევნების ჩატარებას ამ ხელისუფლების პირობებში. თუ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები არ მოხდა, თუ საარჩევნო ადმინისტრაცია არ შეიცვალა და რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდა, სხვა ყველაფერი იქნება ისეთივე ბოდვა, როგორიც მოვისმინეთ გუშინ ირაკლი კობახიძისაგან.“ - განაცხადა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






