საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ივანიშვილისა და მისი გუნდის მმართველობის პერიოდში ქვეყანაში გამძაფრდა. როგორც ის აცხადებს, ოლიგარქს ნამდვილად მოუწევს წასვლა და იმ ქონების ხალხისთვის დაბრუნება, რომელიც მან მიიტაცა:
"გავეცანი ივანიშვილის ე.წ წასვლის შესახებ განცხადებას.
რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?!
რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არა ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების და ანალიზის უნარი?!
რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!
ივანიშვილი იძახის, რომ თურმე სიღარიბე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ...
- სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი დოლარი ამოაცალა ჯიბეებიდან - ბოლო 8 წლის განმავლობაში!
- პირდაპირი შედეგი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში და მთავარი მევახშე და ბანკირი საქართველოსი არის ივანიშვილი და ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს!
- ლარის კურსი დაეცა ორჯერ!
არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ!
ივანიშვილს მართლაც მოუხდება წასვლა, ოღონდ ხელისუფლებას თავის შნირებს კი არ გადასცემს, არამედ გადასცემს ქართულ ოპოზიციურ კოალიციას და ივანიშვილს
მართლაც მოუხდება ქონების დაბრუნება, ოღონდ ქონების დაბრუნება ქართველი ხალხისთვის, რომლის ძარცვის მეშვეობითაც მოიპოვა ეს ქონება!
ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ, ჩვენ არამხოლოდ არავინ არ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ განთავისუფლდება ამ ურჩხულისგან!" - აღნიშნავს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, სადაც მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერია ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






