ექსპერტს ნაკლებად სჯერა, რომ ოლიგარქი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიიღებს, რადგან მისი თქმით, "ივანიშვილისთვის კულისებიდან მართვა უფრო ხელსაყრელია".
"ივანიშვილს ესმის, რომ ახლა მას მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნა არ აწყობს. რადგან მისმა პარტიამ, ანუ ხელისუფლებამ ბოლო წლებში ქვეყნისთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო. განსაკუთრებით პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, როცა ოპოზიციის შევიწროების შესაძლებლობები გახდა. ივანიშვილის გადაწყვეტილება არის იმის მანიშნებელი, რომ ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ცდილობს. უნდა გადავიდეს ისევ ჩრდილში და იქიდან მართოს ყველაფერი. ეს ადამიანი თავის განცხადებაში არანაირად არ არის გულწრფელი"- განაცხადა ხარშილაძემ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კანდიდატურას, რომელიც პარტიაში ივანიშვილის ადგილს დაიკავებს, ხარშილაძე ამბობს, რომ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ნომინალური ფიგურა იქნება და გააკეთებს იმას, რასაც ივანიშვილი დაავალებს.
"კობახიძე არის ის ფიგურა, რომელიც პირდაპირ კავშირთანაა ივანიშვილთან. ის მისი წაქეზებითა და კარნახით აკეთებს ყველაფერს. შეიძლება ითქვას, რომ კობახიძე ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული ფიგურაა"- ამბობს ხარშილაძე.
პოლიტოლოგი ივანიშვილის მიერ ქონების გასხვისების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის ქონების ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.
"ჩვენ მისი ქონების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ვიცით. ვნახეთ პანამაში მისი ანგარიშები, რომელსაც მალავდა. ვიცით, რომ ნახატების ძალიან დიდი კოლექცია აქვს, რომელიც გატანილი აქვს საზღვარგარეთ. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ქონებას, ეს არის ძალიან მცირე, 1% ის 1%. ვფიქრობ, ქონების გასხვისება ერთგვარი ჟესტია, წარმოაჩინოს თავი ისე, რომ ის ქველმოქმედი და დადებითი ფიგურაა. მას ხომ ძირითადი აქტივები მაინც ქვეყნის გარეთ აქვს?! მას სწორედ ამ ანგარიშების გაყიდვის ეშინია თორემ, საქართველოში მისი ქონება ზღვაში წვეთია იმასთან, რაც მას აქვს საზღვარგარეთ"- თქვა მან.
ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს ვრცელი პოლიტიკური ეპისტოლეთი გამოემშვიდობა და თქვა რომ "მისია შესრულებულია" - ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა და ახლა 2011 წლამდელ ცხოვრებას უბრუნდება.
განცხადების გაკეთებამდე კი ოლიგარქმა მთელი მისი ქონება "ქართუზე" გაასხვისა და საცხოვრებელი სახლიც კი არ დაიტოვა. ივანიშვილის სახელზე, მხოლოდ სოლოლაკის შუშის სასახლის თავზე არსებული ასაფრენი ბილიკი ირიცხება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი მოსალოდნელმა სანქციებმა და ქვეყანაში მოსალოდნელმა ღრმა კრიზისმა შეაშინა.
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ოლიგარქის სურვილებისა და იდეების გამხმოვანებელს, ირაკლი კობახიძის დანიშვნით არაფერი იცვლება და ივანიშვილი ახლა უკვე მისი ხელით, კულუარებიდან მართავს მმართველ პარტიას.
მასალის გამოყენების პირობები






