ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ მეუფე ანტონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პატრიარქს არ შეხვედრია, შორენა თეთრუაშვილი კი, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაშია, როგორც თავად ამობს, "პატრიარქთან ახლოს მისული არ უნახავს".
მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და პასუხს ელოდებიან.
"თვითზიოლაციაშია [შორენა თეთრუაშვილი], სანამ დაზუსტდება ყველაფერი, განმეორებითს ელოდებიან, რომ დაუდგინონ, თუ აქვს, რა ხარისხში აქვს. მეუფე ანტონსაც სრულიად შემთხვევით დაუდგინდა, მეუფე ანტონი არ მინახავს ბოლო დროს საპატრიარქოში, ახლა აპირებდა მოსვლას და არ შევიდა და მოკლედ, პატრიარქს არ შეხვედრია და შორენაც ასე ახლოს მისული არ მინახავს პატრიარქთან", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თვითონაც გაუკვირდა. თუმცა, დასძინა, რომ პატრიაქის ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს.
"უნდა ყოფილიყო, მეც მიკვირს, პატრიარქის ჯანმრთელობაც არის, ბევრ დროს ხარჯავს ამ პროცედურებზე, ექიმები ყოველდღე გადიან პატრიარქთან, ასე არასდროს ყოფილა პატრიარქი".
ცნობისთვის, საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოცემა ტაბულას თავდაპირველად უთხრა, რომ თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ "ცოტა არაზუსტი ინფორმაცია" გაავრცელა და თეთრუაშვილი ახლა იზოლაციაშია.
მასალის გამოყენების პირობები






