ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით შეიქმნა პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა: „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 22-ქვეყანაში მცხოვრებ 150-მდე ემიგრანტ მოზარდს.
ონლაინსკოლამ ემიგრანტი მოზარდები საქართველოსა და ქართველ თანატოლებს დააკავშირა.
ონლაინსკოლის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და გაერთიანება „რუსთაველ კალიგრაფებთან“ პარტნიორობით ქართველი ემიგრანტებისათვის უნიკალური პროექტი – „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“ ხორციელდება.
სწორად ამ უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა საოცარი ხელნაწერები, რომელთა ავტორები არიან ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი მოზარდები.
ემიგრაციაში მცხოვრებმა მოზარდებმა ახალი 2021 წელი კალიგრაფიულად, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ მისალოც ბარათებზე საქართველოს, მათ სამშობლოს მიულოცეს, გიზიარებთ მათ ნამუშევრებსა და გზავნილებს.
მილოცვას არც ჩვენი პირველი საერთაშორისო ონლაინსკოლის კალიგრაფები ჩემორჩენილან.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა ქართველი ემიგრანტების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა იმდენად, რომ არსებულ გაკვეთილებზე მოსწავლეთა რაოდენობა სრულად შეივსო, ბევრი მათგანი კი მომლოდინეთა სიაში ელის დამატებითი გაკვეთილების დანიშვნას.
ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს განცხადებით შემეცნებით-გასართობი ონლაინგაკვეთილები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ მათ თანატოლებს შორის ახალგაზრდული კავშირებისა და ინტერაქტიული ურთიერთობების დამყარებას, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეიძინონ ახალი მეგობრები, რაც ამჟამად შექმნილი ვითარებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სამომავლოდ დაგეგმილია ძალიან საინტერესო სიახლები ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისათვის, რომელთა ხილვას ფონდის ფეიჯზე შეძლებთ - https://www.facebook.com/diasporasforgeorgia





მასალის გამოყენების პირობები






