"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი , ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის პარლამენტში შესვლას და აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანის შესვლა პარლამენტში რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან ვერ განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.
მისი თქმით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება თუ ხელისუფლება პოლიტიკური შეთანხმების ნაცვლად ეცდება თითო-ოროლა ადამიანი დაარწმუნოს პარლამენტში შესვლაზე.
"ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ყველას ვინც საქართველოს პარლამენტშია არჩეული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით, დადასტურებული აქვს საკუთარი გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეს პარლამენტში. ყველას აქვს დაწერილი შესაბამისი განცხადება, ამიტომ მე არ მაქვს ეჭვის საფუძველი. ჩემთვის ძალიან ცუდის მომასწავლებელი იქნება, ის რომ ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოს რეალური პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციასთან და ქვეყანა პოლიტიკური კრიზისისგან გამოვიდეს ფართო პოლიტიკური შეთანხმებით, ამის ნაცვლად თუ იქნება მცდელობა მიმართული რომ თითო-ოროლა ადამიანი დაარწმუნოს პარლამენტში შევიდეს, ეს დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რამდენიმე ადამიანის შესვლა პარლამენტში რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან ვერ განმუხტავს იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. პოლიტიკური კრიზისი შეიძლება განმუხტოს მხოლოდ ფართო შეთანხმებამ იმ პარამეტრების გარშემო, რაც არის ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა“,-განაცხადა სამადაშვილმა გადაცემში "360 გრადუსი".
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრი : ზილფიმიანი, ინჯია და მიქაძე აპირებს პარლამენტში შესვლას.
მასალის გამოყენების პირობები






