ტერორი და ერთპარტიული არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრების პარლამენტში შესვლის საკითხი. მისივე თქმით, ოცნებამ ოპოზიციის დასჯა გააწყვიტა, ხოლო ის პირები, ვინც პარლამენტში შევლენ, ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას ვერ შეძლებენ:
"ეს არის ტერორი და ერთპარტიული არალეგიტიმური ტირანიის კიდევ ერთი დადასტურება. ამით გვითხრეს - არ შემოდიხართ პარლამენტში? ახლა დაგსჯით და მოღალატე, თქვენსავე სიაში ჩასმულ ბიზნესმენებს შემოვუშვებთ პარლამენტშიო. ხოლო, ეს ბიზნესმენები ვინ არიან, ქვეყნიერებამ იცის. ესენი არ არიან პოლიტიკური ფიგურები და ეს ვერ შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, ვინც არ უნდა შევიდეს პარლამენტში, ის "ქართული ოცნების" რიგებს შეუერთდება:
"ის რომ "პატრიოტთა ალიანსიდან" ე.წ დუბლების შეყვანას ახორციელებს "ქართული ოცნება" პარლამენტში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიულია. ამიტომ, ვინც არ უნდა შევიდეს ახლა პარლამენტში, გამოდის, რომ ის შედის "ქართული ოცნების" რიგებში. მათ მოუწევთ იმის აღიარება, რომ არჩევნები გააყალბეს" - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილიმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები






