ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არ შევიდნენ, მალე დაავიწყდება ხალხს.
კაპანაძემ გახარიას ურჩია, რომ თუ ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, შეხედოს პარლამენტს, სადაც მხოლოდ ხოტბის მსხმელი დეპუტატები არიან წარმოდგენილნი.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უზურპაციითა და არჩევნების გაყალბებით ქართულმა ოცნებამ მოახდინა პოლიტიკური პროცესის ბოლომდე მონოპოლიზება და დაადგა ავტორიტარიზმის გზას, რაც არის პოლიტიკური კრიზისი.
„თუ პრემიერ მინისტრი ვერ ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, პარლამენტს შეხედოს და დაინახავს იქ ვინ არიან წარმოდგენილები, მარტო ხოტბის მსხმელი დეპუტატები და მეტი არავინ და პრაქტიკულად, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბებით და ხელისუფლების უზურპაციით მოახდინა ამ პოლიტიკური პროცესის ბოლომდე მონოპოლიზაცია და დაადგა ავტორიტარიზმს გზას და ავტორიტარიზმის გზაზე დადგომა თუ არ არის პოლიტიკური კრიზისი, აბა რა არის არ მესმის.
აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ პოლიტიკური კრიზისი, მაშინ როცა ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, როდესაც მწვავე საბიუჯეტო კრიზისი გვაქვს ასევე, როდესაც ვალმა გადააშორა 60%-ს, რაც არის ის ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ სესხის აღება გაგვიჭირდება, როდესაც დენის ტარიფი გააძვირეს, ამას ემატებს უმწვავესი კოვიდ კრიზისი და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამატებს პოლიტიკურ კრიზისს და თან ამას არ აღიარებს, ამ დროს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი და მისი გუნდი, როცა ამ აბსოლიტურად ნათელ რაღაცეებს უბრალოდ არ იმჩნევ.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






