"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, ელენეს წასვლის გადაწყვეტილება არ მიეღო. ბოკერიას განმარტებით, ხოშტარია "ევროპულ საქართველოსთან" ყველაზე ახლოს მდგომი პირი იქნება:
"მე ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, არ დავმალავ, არა მარტო პერსონალური ურთიერთობების გამო, არამედ პოლიტიკურადაც. გარდა პერსონალური ურთიერთობებისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ალბათ ევროპულ საქართველოსთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება და ამიტომ მას ვუსურვებ წარმატებებს. ღირებულებები და ამოცანები საერთო გვაქვს" - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის შესახებ. მოგვიანებით მან გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება მისი დამოუკიდებლად აქტიურობის სურვილს და პარტიის შიგნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ხოშტარიას განცხადებით, ის ახალ პარტიას შექმნის, თუმცა ოპოზიციური ერთობის ნაწილად დარჩება.
მასალის გამოყენების პირობები






