დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს. მიზეზი უცნობია, თუმცა კულუარებში ელენესა და პარტიის სხვა წევრებს შორის არსებულ კონფლიქტზე უკვე ალაპარაკდნენ.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და ხოშტარიას გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობას არ უკავშირდება:
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ელენე აპირებს განცხადების გაკეთებას, შესაბამისად, მოდით მას დავუტოვოთ უფლება რომ თვითონ ისაუბროს რას აპირებს და როგორ. ნამდვილად არ ვაპირებ სხვის ნაცვლად საუბარს. არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. დანარჩენს გაიგებთ დღის განმავლობაში.
უაღრესად დადებითი პიროვნებაა, ჩემი ერთ-ერთი ახლო ადამიანი და მეგობარია, ასეთად დარჩება, მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"მე თავისუფლად ვისაუბრებდი ამ თემაზე, უბრალოდ ელენეს ვუტოვებ იმის უფლებას, რომ თავის გადაწყეტილებაზე მან პირველმა ისაუბროს. არანაირი პრობლემას და უხერხულობას არ მიქმნის მაგ თემებზე ლაპარაკი, რომ არა ეგ მომენტი, რომ ელენეს აქვს უფლება, პირველმა ისაუბროს თავის გადაწყვეტილების და გეგმების შესახებ, არ მინდა, მას ეს პირველობა წავართვა.
არანაირი განხეთქილება, არანაირი აზრთასხვადასხვაობა, ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და რაც მთავარია, მივიღებთ კიდევ უფრო აქტიურ ელენე ხოშტარიას და არა პოლიტიკიდან წასულს და დაშორებულს.
მიზეზებზე მეტად ვიხმარდი მიზნებს, რის გამოც ცვლილებები მოხდება და ამას შევიტყობთ, ამაზე ელენე ისაუბრებს. მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, რომ ელენე ხოშტარია არც წერილობით და არც ქუჩიდან არ აკეთებს განცხადებას, პარტიის ოფისში ხდება ყველა პროცესი", - აღნიშნა ბობოხიძემ.
თავად ხოშტარია დღის მეორე ნახევარში გააკეთებს კომენტარს. ბრიფინგი "ევროპულ საქართველოში" 15:30 წუთზეა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები






