საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ჩხენკელმა თავის გამოსვლაში პანდემიის პირობებში განათლების მიღებაზეც ისაუბრა და დისტანციურ სწავლებას წარმატებული უწოდა:
„ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.
ჩვენ სკოლებში წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შევთავაზეთ და ავამოქმედეთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მოდელი – განმავითარებელი შეფასება. ამასთან, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ „ტელესკოლა“, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია.
პანდემიის დაწყებისთანავე გაანალიზდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და გამოიკვეთა ის კომპონენტები, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი. დაინერგა ჰიბრიდული სწავლების მიდგომები. არ შეჩერებულა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურები, ავტორიზაციის პროცესები წარიმართა ონლაინ რეჟიმში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით. რის შედეგადაც პროფესიულმა სასწავლებლება შეძლეს 100-ზე მეტი პროგრამის ავტორიზაცია და სისტემაში გაჩნდა დამატებით 4400 ადგილი. პროფესიულ პროგრამებზე შეუფერხებლად ჩაირიცხა 9500 სტუდენტი.
პროფესიული სასწავლებლებისთვის დამტკიცდა ევროპული ხარისხის ინდიკატორებზე დაფუძნებული ავტორიზაციის ახალი სტანდარტები. ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, გაგრძელდა ზრდასრულთა მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 30%-ით გაიზარდა. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით შემუშავდა პროგრამა პროფესიული განათლების შემდგომი განვითარებისთვის, რომლის მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკმა 70 მილიონი დოლარი გამოყო"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მასალის გამოყენების პირობები






