საკონსტიტუციო სასამართლომ არასანდოდ სცნო პოლიციელთა ჩვენებები გიორგი რურუას საქმეზე და დაუშვებლად მიიჩნია აღნიშნული ჩვენებების საფუძვლიანობა გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანაში:
"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოპერატიული ინფორმაცია და მის საფუძველზე ადამინის უფლებების შეზღუდვა წლების განმავლობაში არის ერთერთი სერიოზული პრობლემა საპოლიციო საქმეში, რადგან ის ხშირად ხდება ხოლმე პოლიციური თვითნებობის საფუძველი. ოპერატიული ინფორმაცია სასამართლომ მიიჩნია ნაკლებად სანდოდ, ამიტომაც ეს ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს საფუძველი ადამიანის ჩხრეკის... ეს ინფორმაცია არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს", - განაცხადა EMC-ის იურისტმა გური იმნაძემ.
ოპოზიციის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადჰყო მოსაზრება რურუას პოლიტიკური მოტივით დაკავების თაობასა და იარაღის ჩადებაზე.
"პრაქტიკა დანერგა "ქართულმა ოცნებამ" ასეთი, რომ ყველა დაკავებულის მთავარი მოწმე არის ორი პოლიციელი, რომელთაც ერთმანეთისგან გადაწერილი ჩვენებები აქვთ. რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, ეს ყველამ იცის, რომ იყო შეკერილი საქმე, მას ჩაუდეს იარაღი, რომ ციხეში გამოეკეტათ და ბუნებრივია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა..
შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






