ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
"ჩემი აზრით, გარდაუვალია ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. როგორ მივიდეთ იქამდე, ეს მოსაფიქრებელია" , - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, თუ როგორ უნდა მიემხრონ ახალ „გირჩს“ ძველი „გირჩის“ მხარდამჭერები, ამას დრო აჩვენებს. ზოგადად, ჩვეულებრივი კონკურენციაა პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, ამ შემთხვევაში კი, განსხვავება ისაა, რომ „მეტწილად, ერთი და იგივე ხედვების მქონე, ერთი და იგივე სახელის ორი პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება".
"ორი მიმართულება მაქვს. ერთი არის თვითონ „გირჩის" განვითარება და მინდა, რომ ეს პლატფორმა ნამდვილად იქცეს ღია პლატფორმად იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც საკუთარი თავი პოლიტიკაში სცადეს. მეორე მიმართულება არის ზოგადად, ქვეყანაში არსებული კრიზისი და კატასტროფული მდგომარეობა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და აქედან ქვეყნის გამოსვლის გზები. ამაზე მგონია, რომ კონკრეტული პასუხი ამ წუთში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ამაზე ფიქრზე ბევრი დრო დავხარჯოთ და საბოლოოდ, მოსახლეობას რაღაცნაირად შევთავაზოთ კრიზისიდან გამოსვლის გზა, ოღონდ, ეს არ იქნება პიარის ამბავი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






