"ევროპული საქართველოს"ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ორგანიზაციის მიერ დაშვებულ შეცდომას მისთვის დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისთვის იყენებს.
"ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, მნიშვნელოვანის, როგორიც სამართლიანი არჩევნებია.
როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა და მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის",-ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს ISFED-მა პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო საზოგადოებას და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა. ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






