„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, „პივიტის“ შედეგებზე ყურადღების გადატანა მიზანმიმართულად მოხდა, რეალურად კი პარალელური დათვლების დროს დაშვებული ხარვეზი არ იყო იმ მნიშვნელობის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია. ნიჟარაძის თქმით, ასეთი შეფასება მმართველი გუნდის მხრიდან „არასწორი და გაზვიადებული იყო“.
"ეს იყო მცირე ხარვეზი, რასაც მმართველი პარტიის მხრიდან დიდი გაზვიადება მიენიჭა და წარმოჩენილი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნა და რევულუციაზე იყო საუბარი. ეს არის ძალიან არასწორი და გაზვიადებული შეფასება, ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღება გადმოტანილი ყოფილიყო „პივიტის“ შედეგებზე და სერიოზული დარღვევები რაც იყო, იმის იგნონირება მომხდარიყო. ეს მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რასაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. არ ვთვლი, რომ ეს იყო ისე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რასაც შეიძლებოდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია. ესაა სპეკულაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
9 დეკემბერს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „პივიტის“ შედეგებით მმართველი პარტიის მხრიდან ერთგვარი მანიპულირება ხდებოდა უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში. იცით, რომ ეს მოლაპარაკებები არის დახურული და საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა, არასწორი იქნებოდა, რომ კიდევ გადადებულიყო ინფორმაციის გავრცელება. ჩავთვალე, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ მიწოდებული საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მხარეს თანაბრად ჰქონდეს ინფორმაცია იმ არგუმენტების შესახებ, რომელიც მოლაპარაკების პროცესში გამოიყენება. ის, რომ ეს შედეგები გამოიყენებოდა, ძალიან გვიან გახდა ცნობილი. შესაბამისად ამ დროში მაქსიმალურად დაჩქარებული იყო ეს განცხადება. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მომდევნო რაუნდი მოლაპარაკების და ჩემი მხრიდან დაშვება იყო, რომ ამ თემაზე სპეკულაცია კიდევ შეიძლება განახლდებულიყო, რაც არასწორი იქნებოდა. ამიტომ ეს განცხადება დაჩქარებული წესით გამოვაქვეყნეთ" - განაცხადა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზამიამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფრმულაში ხარვეზები დაფიქსირდა. გასწორების შემდეგ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ხმების 47.6% აქვს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას - 27.4%.
გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






