ქართული ოცნების ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტის საგაზაფხულო სესიების დაწყებამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ მოხდება, ეს ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს.
"ძალიან მინდა, რომ შეთანხმება მოხდეს. ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, დაახლოებით თვენახევარი სანამ პარლამენტი გააგრძელებს საგაზაფხულო სესიაზე მუშაობას. თუ შეთანხმება არ მოხდება, მერე უფრო მძიმე პოლიტიკური პროცესები გველის და ეს გარდაუვალი იქნება. შემდეგ ყველა ელოდება როდის დადგება ქვეყანაში კრიზისი. ეს კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა რამემ, წინასწარ ამის გათვლა შეუძლებელია.
ჩვენ გვქონდა მაგალითად სარალიძის საქმე, რომელსაც არავინ ელოდა მაგრამ წარმოუდგენელი საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია, გვქონდა 20 ივნისი, რომელსაც თითქოს ასე არ ველოდით, მაგრამ გამოიწვია უდიდესი და უმძიმესი პრობლემები ქვეყანაში. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს მძიმე პანდემია, ეკონომიკური ფონი გვიმძიმდება, ასევე სოციალური ფონი, ახლა უფრო მეტი პრობლემაა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით დამძიმების შემთხვევაში, ერთპარტიული პარლამენტი და მთავრობა კრიზისების მოგვარებას ვერანაირად ვერ შეძლებს.
"ერთპარტიული პარლამენტი და ერთპარტიული მთავრობა ამ მოცემულობაში როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი არათუ გადაწყვეტილებაში ჩართული არ არის, არამედ პარლამენტშიც კი არ არის და სრულ დელეგიტიმაციას უკეთებს იმ ერთ პარტიას, რომელიც პარლამენტში შევიდა, უბრალოდ ფონს ვერ გავა, ვერ შეძლებს, რომ ასეთი კრიზისები გადალახოს მარტომ. ამიტომ სარისკოა, სახიფათოც არის ეს პროცესი და არავის უნდა უხაროდეს, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით", - თქვა ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






