ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცების პროცესს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, იმ პარლამენტისაგან, რომელიც არის ერთპარტიული და არცერთი ოპოზიციური ძალა არ ცნობს მის ლეგიტიმურობას, მთავრობის დამტკიცება აჩენს სერიოზულ კრიზისს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს მთავრობა ვერ გაუმკლავდება ქვეყნის წინაშე არსებულ კრიზისებს, რადგან ერთიმხრივ ის იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული და მეორემხრივ, იმიტომ, რომ ივანიშვილის მხრიდან მთავრობის გუნდში არანაირი ცვლილება არ არის და შესაბამისად ის იგივე პოლიტიკას გაატარებს.
„ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, პარლამენტის, რომელიც შეიქმნა გაყალბებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის, რომლის ლეგიტიმურობასაც არ ცნობს ოპოზიცია და არცერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს ამ შედეგებს, ასეთი პარლამენტისაგან მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის რათქმაუნდა მთავრობის დამტკიცება, აჩენს სერიოზულ კრიზისს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ გვსურს ახალი არჩევნები, რომ ეს პრობლემები ჩამოვიშოროთ, რომ ლეგიტიმურობის კრიზისი აღარ იყოს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება.
ამიტომ, ეს მთავრობა რათქმაუნდა, ვერანაირ კრიზისს ვერ დაძლევს, ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, მარტო იმიტომ კი არა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნება მანდატი მიცემული, არამედ იმიტომაც, რომ გამოჩნდა, რომ არც ხედვაში, არც კონკრეტულ ადამიანებში, არანაირი ცვლილება არ არის ივანიშვილის მხრიდან, ის იგივე პოლიტიკას გააგრძელებს იგივე ადამიანების მეშვეობით.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






