უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, რომელიც თანამდებობაზე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2019 წლის 8 სექტემბერს უკვე მეორედ დაინიშნა, ოპოზიციის "ბრალდებების" და მათი მხრიდან სტატისტიკის "მანიპულირებით" კრიმინოგენული ვითარების ზრდის შესახებ კრიტიკის გაბათილება მოსთხოვა.
მათიკაშვილმა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და კრიმინალის მიმართ წინა ხელისუფლების "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა გაიხსენა.
"იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს", - განმარტა მათიკაშვილმა და გომელაურს კრიმინოგენული ვითარების მხრივ "რეალური მოცემულობის" აღწერა მოსთხოვა.
"კიდევ ერთხელ თხოვნა იქნება რომ განმარტოთ, რეალური მოცემულობა რა არის", - ჰკითხა მათიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, - ის, რომ კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას რეალურად ადგილი არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ მანიპულირება ხდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან".
ცნობისთვის, პარლამენტში მინისტრთა კანდიდატების მოსმენაზე მათიკაშვილის ეს კითხვა ოფიციალური სტატისტიკით კრიმინალის ზრდის პარალელურად დაისვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.73 %-ით არის გაზრდილი, თვითმკვლელობამდე მიყვანა 13.64%-ით, გაუპატიურება - 6.67 %-ით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაული - 20.38 %-ით, სამეწარმეო დანაშაული - 72.73 %-ით, სამოხელეო დანაშაული კი - 2.13 %-ით.
მასალის გამოყენების პირობები






