"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება
დეკანოიძის თქმით, "ცივილიზებულ" სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, მსგავსი განცხადებების გამო პარტიას აუცილებლად დაეკისრებოდა სანქციები.
"ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო უპირველესყოვლისა, მუშაობს და ყველა ადმიანს შეუძლია თავისი ინტერესები დაიცვას, ამ შემთხვევაში, სასამართლო დასჯიდა და დააკისრებდა ძალიან მნიშვნელოვან სანქციებს იმ პოლიტიკურ ძალასაც კი, რომელსაც წარმოადგენს ბატონი ვოლსკი. მაგრამ ასეთი განცხადებები, მათი მხრიდან ახალი არ არის და მთელი ამ 8 წლის პერიოდის მანძილზე, მიზანმიმართულად რომ ემუშავათ საქართველოს განვითარებაზე, საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ. თუმცა მე-9 წელსაც კი, ზუსტად იგივეს აკეთებენ — გამალებით, ყოველგავრი საზღვრებისა და წითელი ხაზების გარეშე ებრძვიან ოპოზიციას. ეს არის მათი დამოკიდებულება, მათი სახე, რომ ისაუბრონ ოპოზიციაზე ძალიან ცუდ კონტექსტში, რაც პოლიტიკური ძალის საბოლოო დეგრადაციას აჩვენებს", - განაცხადა დეკანოიძემ On.ge-სთან.
ცნობისთვის, ვოლსკი არაფერს გამორიცხავს. მათ შორის, არ გამორიცხავს მათ "ენმსა" და "ევროპული საქართველოს" კავშირს არც რუს დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან და არც ტერორიზმთან.
მასალის გამოყენების პირობები






