ოცნების გუნდის წინაშე უკვე მინისტრთა კანდიდატების წარდგა ნაწილი, რომელმაც გასული წლის უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა სხვადასხვა განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის რეგიონების წყალმომარაგებას, მაგისტრალების მშენებლობას, მთის განვითარების პროგრამასა და განხირციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას შეეხო.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვაზე, ფინანსების გამჭვირვალობასა და საგადასახადო კონტროლის პროცედურების მოდერნიზაციის რეფორმაზე გააკეთა აქცენტი.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ სფეროსა და პანდემიის პირობებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. თურნავა შეეხო ბიზნესის მხარდაჭერის თემასაც და ანაკლიის პორტსაც, რომელსაც პრიორიტეტული პროექტი უწოდა.
მინისტრთა კაბინეტის მოსმენის პარალელრად პარლამენტთან სამოქალაქო სექტორის აქცია იმართება, სადაც სიმბოლურად საბჭოთა ჰიმნი ჩართეს.
ოპოზიციის შეფასებით, დღევანდელი სხდომა იმ მთავრობის სიმბოლური აქტია, რომელსაც ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია:
"სიმბოლური აქტია ერთპარტიული პარლამენტის მიერ ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც არაფერი გაუკეთებია საქართველოსთის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, პანდემიის სამართავად", - განაცხადა "ენმ"-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"წარმოიდგინეთ პროცესი, როცა მხოლოდ 1 პარტიაა პარლამენტში - ერთადერთი ინტერესია, ალბათ, რომელიმე მინისტრს შეუძლია თუ არა ლაპარაკი. შინაარსისგან დაცლილია პროცესი", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა.
"მინისტრთა კაბინეტი ჩააბარეს გახარიას, რომელიც ასოცირდება 20 ივნისთან, ეკონომიკურ კრიზისთან, კორუფციულ გარიგებებთან, კორონავირუსის არაეფექტურ მართვასთან. კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ "ოცნებას" არ აინტერესებს ხალხი და ქვეყანა. გვეგონა, რომ კომუნისტური წყობიდან 30 წელი გამოვდიოდით და თურმე, ისევ უკან დავბრუნდით", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
ერთპარტიული პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები






