როგორც საგამოძიებო უწყების მიერ შედგენილი გამოკითხის ოქმიდან ირკვევა, ღარიბაშვილი 2014 წლის გაზაფხულიდან, ჯერ კიდევ მისი პრემიერობის პერიოდიდან ყოფილა დაინტერესებული აღნიშნული საქმით.
მისი ჩვენებიდან ცხადი ხდება, რომ თავდაცვის უწყებაში მოსვლის შემდეგაც აგრძელებს საკითხის მოკვლევას და რუკების მოძიებაში ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ეხმარება.
ირკვევა, რომ გარეჯის საკითხთან დაკავშირებით თავდაპირველად მამა კირიონთან, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფებთან, ნოდარ ხორბალაძესთან და თედო გორგოძესთან, მინდია ჯანელიძესთან და იმდროინდელ შს მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად გამართა შეხვედრა:
"თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ნოდარ ხორბალაძემ და თედო გორგოძემ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ, საკითხის სრულყოფილად გაანალიზებისთვის შესაბამის კარტოგრაფიულ მასალაზე და დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს დავავალე, რომ შეექმნა საკითხის შემსწავლელი ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დეტალურად შეესწავლათ, თუ რასთან გვქონდა საქმე და შემდეგ ჩემთვის მოეხსენებინათ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ და ასევე საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით სიტყვიერად მაცნობეს, რომ 1938 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში სახალხო კომისართა საბჭოების მიერ შედგენილ რუკებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარი ასახული იყო ქედის ძირში აზერბაიჯანის მხარეს, თუმცა კარტოგრაფიული მასალის დედნები საქართველოში ვერ მოიძიეს და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიას ასლებზე დაყრდნობით მსჯელობა შეუძლებლად მიაჩნდა.
მათვე აღნიშნეს, რომ საჭირო კარტოგრაფიული მასალის დედნების მოძიება რომელბზეც შესაძლებელი იქნებოდა სათანადო კვლევის ჩატარება და სრულყოფილი ანალიზი, საქართველოში არსებულ ვერცერთ უწყებასა და საარწივო დაწესებულებაში ვერ შეძლეს.
ნოდარ ხორბალაძემ და თედო გორგოძემ ამიხსნეს, რომ ისევ იმ პრობლემის წინაშე იდგნენ, და კარტოგრაფიული მასალის დედნების მოძიება მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს. მათი განმარტებით, კომისია სარგებლობდა 1938 წელს სახელმწიფო აზერბაიჯანის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ ორმხრივად შეტანხმებული საზღვრის ხაზის ამსახველი 1:500 000 მასშტაბის რუკის ამონახაზით. ასეთი რუკის დედანი არ ჰქონდათ.
ამასთან ეს კარტოგრაფიული მასალა რუკის წვრილმასშტაბისა და არასრულყოფილი ინფორმატიულობის გამო გამოუსადეგარი იყო. მათზე აღნიშნეს, რომ როგორც წესი, წვრილმასშტაბიანი რუკა კარტოგრაფიულად შედარებით მსხვილმასთაბიანის საფუძველზე იქმნებოდა და 1938 წლის პერიოდისთვის არსებული 1:200 000 მასშტაბის რუკის დედნების მოძიება ვერ შეძლეს.
2019 წლის შემოდგომის პერიოდში ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მითხრა, რომ მას კარტოგრაფიული მასალის კვლევისა და მოძიების გამოცდილება ჰქონდა და შეეძლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი რუკების მოძიებაში დახმარებოდა.
მე იგი დავაკავშირე ნოდარ ხორბალაძესთან, რადგან ის უფრო ზუსტად აუხსნიდა დავით ხიდაშელს, თუ რა სახის და რომელი კარტოგრაფიული მასალის დედნების მოძიება იყო საჭირო".
ღარიბაშვილი იხსენებს, რომ დავით ხიდაშელმა 2020 წლის 3 აპრილს და ამავე წლის 30 ივლისს გადმოსცა მათ რუსეთის ფედერაციის არქივებში მოძიებული 1937-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკების დედნები, რომლებზეც ასახულია იმ პერიოდისთვის არსებული საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო ხაზი.
ჩვენებაში თავდაცვის მინისტრს ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია, თუმცა ბიზნესმებმა ხიდაშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუკების მოძიება თავად ოლიგარქმა დაავალა.
მასალის გამოყენების პირობები






