საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი , მისივე პარტიის თავმჯდომარის წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს პოლიტიკით დაღლისა და წასვლის თაობაზე არაერთხელ უთქვამს, მათ შორის საჯაროდ.
სააკაშვილს შეფასებით, ვაშაძე ბრწყინვალე დიპლომატია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა "უნდა გარდაიქმნას" და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდეს.
"გრიგოლ ვაშაძე მარტო მე კი არ მესაუბრებოდა, არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ დაიღალა პოლიტიკით, აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. იგი ბრწყინვალე, კვალიფიციური დიპლომატია. ასეთი იშვიათად გვყოლია საქართველოს ისტორიაში. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო, საჭიროა ბევრად შემტევი, ბევრად შორსწამსვლელი. ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმას, ისევე როგორც მთელი ოპოზიცია", - ამბობს სააკაშვილი.
წამყვანის კითხვაზე, მოიაზრებდა თუ არა ვაშაძე მის მიერ ნახსენებ "ოდიოზურ ფიგურებში" ვანო მერაბიშვილის, სააკაშვილი პასუხობს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას არც აპირებდა და ხმები, რომ მისი გავლენები პარტიაში ფართოვდება, "სრული იდიოტიზმია":
"ვანო მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში არ გამოჩენილა, მან უარი თქვა კენჭისყრაზე, მე რამდენჯერმე ვესაუბრე ვანოს და აქაც იყო ჩამოსული და მისი მყარი პოზიცია იყო, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. თუ გაინტერესებთ, არც მისაუბრია რამდენიმე კვირაა მასთან. [...]
ნაციონალურ მოძრაობაში მოვიდა ძალიან საინტერესო, ახალი ხალხი. ნიკა მელია ჩამოყალიბდა ახალ ლიდერად. კორძაია და სამნიძე სუპერვარსკვლავები არიან, საინტერესოა ნონა მამულაშვილი. ძალიან საინტერესოდ, ახლებურად წარმოჩინდა კახა ოქრიაშვილი, რომელთანაც ადრე უთანხმოება მქონდა", - განუცხადა სააკაშვილმა "ფორმულას".
მასალის გამოყენების პირობები






