თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი ISFED-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ISFED- ზე და მთელ სამოქალაქო სექტორზე ნაცვლად იმისა, რომ ჯანსაღი დისკუსია იყოს, თავდასხმებია.
"მივიჩნევთ, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ აღნიშნულ ფაქტზე დისკუსია წარიმართა არაჯანსაღად – იმის ნაცვლად, რომ მოხდეს კონკრეტული ფაქტების განხილვა, ხდება ორგანიზაციის მთლიანი საქმიანობის დისკრედიტაცია და ხორციელდება თავდასხმები არა მხოლოდ ISFED- ზე, არამედ მთელ სამოქალაქო სექტორზე. მათ შორის, ნახსენები იყო შესაძლო გამოძიების დაწყება ფაქტთან დაკავშირებით. მისასალმებელია, რომ აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ ორგანიზაციამ საჯაროდ განაცხადა. ISFED უკვე 25 წელია ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად ჩატარების მონიტორინგს ახორციელებს და ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციას მიეცემა საშუალება უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა და აღნიშნული ხარვეზის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.", - წერია განცხადებაში
HRHF-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების რიტორიკა დიდ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობენ და დემოკრატიის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ:
"განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ არასამთავრობო სექტორზე გახშირებულ თავდასხმებსა და შევიწროებაზე, ასევე ზოგადად საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ დამკვიდრებულ ნეგატიურ კონტექსტზე, მსგავსი რიტორიკა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას და მის ფუნქციას, დაიცვას ადამიანის უფლებები, იზრუნოს ქვეყანაში დემოკარატიის მშენებლობასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






