"ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ითხოვს ISFED-მა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლინდა.
მისივე მტკიცებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადება, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები არ ცვლის ოქმებში არსებულ დისბალანსს და არჩევნების შესახებ არსებულ პრობლემებს ძალაში ტოვებს, ტყუილია.
"ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები. ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3 878 უბნიდან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი.
გარდა ამისა, ჩვენ გავაანალიზეთ სამართლიანი არჩევნების სარჩელების და გასაჩივეებული უბნების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ უბნების არათუ 8, არამედ 1%-იც არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა ათასამდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ რამდენიმე უბანზე აღნიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა...
მოვითხოვთ, ISFED-მა უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების 8%-ის ჩამონათვალი, სადაც, მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი". - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. ორგანიზაციაში თქვეს, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






