დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, სოციალური ქსელით "მთავარი არხის" ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
მისი თქმით, სიუჟეტის მიზანი დისკრედიტაცია და უნდობლობის გაჩენაა.
"ერთერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC - ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრვალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს. სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას, და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემი ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის. როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს იმნაძე "Facebook"-ზე.
ცნობისთვის, სიუჟეტში საუბარი იყო პაატა იმნაძის კერძო საკუთრებასა და 1,5 მილიონიან ბინაზე, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შენდება.
პაატა იმნაძემ არ უარყო, რომ ბინა მის მფლობელობაშია, თუმცა, გვითხრა, რომ ის მეუღლემ, ხათუნა გოგელიამ, შეიძინა და ჯერ გაფორმებული არ აქვს. თავად გოგელია ამბობს, რომ ბინა საჩუქრად გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები






