ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ISFED-ის მიერ ჩასწორებულ შედეგებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
"არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ხმების პარალელური დათვლის ჩასწორებასთან დაკავშირებით:
1. არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები PVT-ს „ხარვეზებისა“ და გადამოწმების აუცილებლობასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა, მაშინ როდესაც ამის შესახებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჯერ კიდევ საჯარო განცხადება არ ჰქონდათ გაკეთებული. სანდოობის უზრუნველსაყოფად და მიუკერძოებლობის გამოსარიცხად ხმების პარალელური დათვლა, ასევე მისი აუდიტის პროცესი არის კონფიდენციალური. შესაბამისად, ასეთი ტიპის დამთხვევა აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას ინფორმაციაზე უკანონო წვდომა ჰქონდა. დიდი ალბათობით ეს მოხდა უკანონო მიყურადების შედეგად, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესის სანდოობას.
2. PVT -ს მეთოდოლიგია ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის წესით განსაზღვრულ უბნებში დაწერილი ოქმების დაჯამებას. შესაბამისად, ხმების პარალელური დათვლა ვერ ახდენს უბანზე არსებული დარღვევების (კარუსელი, ბიულეტენების ჩაყრა, ბიულეტენში ჩანაწერების გაყალბებას) მონიტორინგს ან პრევენციას. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცება არჩევნების მასშტაბურად გაყალბების შესახებ ეფუძნებოდა არა PVT-ს პირველად შედეგებს, არამედ მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცესის განმავლობაში უამრავი დარღვევის შესახებ მიღებულ ვიდეო, აუდიო თუ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შესახებაც ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად ვაწვდიდით. მაგალითისთვის - 2000-ზე მეტ ოქმში დისბალანსია, არჩევნების პროპორციულ ნაწილში 3000-ზე მეტი ბიულეტენია დაკარგული, ყველა ეს ბიულეტენი პოტენციურად კარუსელის განხორციელების წინაპირობაა, აღარ ვსაუბრობთ ჩაყრის და ამომრჩეველზე ზეწოლის ვიდეო მტკიცებულებებზე. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განუხილვევლად იქნა დატოვებული ან არ დაკმაყოფილდა. ამ ფაქტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ISFED-ის ჩათვლით, მკაფიოდ აღნიშნეს.
3. ISFED-ის ჩასწორებულ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნულია: „მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში.“ ამ ფარგლების დისბალანსის პირობებში, რომელიც ცხადია, რომ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ მოხდა, იძლევა 4%-იან ცდომილებას.
მივმართავთ ISFED-ის წამომადგენლებს, არსებულ კითხვებს საჯაროდ და სრულყოფილად გასცენ პასუხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ეს უნდა მოხდეს დროულად და არა მხოლოდ წერილობითი ფორმით." - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






