ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
ISFED-ის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ფორმულასთან საუბარში ადასტურებს, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა, მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა ხმის პარალელური დათვლის შესახებ, თუმცა ზეწოლას უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ მალე უნდა გამოქვეყნოს პარლელური დათვლისა და არჩევნების მიგნებების აუდიტის დასკვნა. ISFED-ში ამბობენ, რომ აუდიტის ჩატარება ჩვეულებრივი ამბავია და ამაში გასაკვირი არაფერია.
ISFED-ის მიერ ჩატარებულ პარლალელურ დათვლაზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან თქვა, რომ “რადიკალურმა ოპოზიციამ” ISFED-ის ეგიდით ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების “უხეში მანიპულაცია“ მოახდინა და ამას რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად მოიაზრებენ.
როგორც ამ ბრიფინგზე კობახიძე ირწმუნებოდა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ “პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება”:
“რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ”, - ამბობდა კობახიძე.
ეს სწორედ ის ბრიფინგი იყო, სადაც კობახიძემ არჩევნების შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა დაანონსა, ისაუბრა მათ შორის ხმების გადათვლაზე და თქვა, რომ თუ ოფიციალურ შედეგებთან თუნდაც 1%-იანი სხვაობა აღმონჩდნება მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
კობახიძის შეფასებებს 10 დეკემბერს თავად სამართლიანი არჩევნები გამოეხმაურა. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ მისი ეს განცხადება ემსახურება “ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორეს მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას”.
იქვე ISFED წერდა, რომ ორგანიზაციამ ჩაატარა ხმების პარალელური დათვლის (PVT) მრავალშრიანი აუდიტი და დაიწყო შუალედური ანგარიშის მომზადება რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანი არჩევნები მიუთითებდა, რომ პარლალელური დათვლის შედეგებთან სხვაობა 3-4% იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ რომ უბნების 8%-ზე გამოვლინდა დარღვევა - დისბალანსი ბიულეტენებში. ISFED-ის მაშინდელი შეფასებით, PVT ანალიზი აჩვენებდა, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%..
ISFED აცხადებდა, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებდნენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებდნენ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ოფიციალურ შედეგს არ აღიარებენ. მათი სრული უმრავლესობა უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და ამ დროისთვის გადის მანდატების დატოვების პროცედურებს.
არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები აქვეყვნებდნენ საკუთარ მონაცემებსაც. ამ მონაცემებით, დარღვევები - მათ შორის დაუბალანსებელი ოქმები, გაკონტროლებული ხმები და ზედმეტი ბიულეტენები უბნებზე - მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა არჩევნების მსგავს მონაცემებს და გავლენას ახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგზე.
მნიშვნელოვან დარღვევებზე და შემდგომში საჩივრების დაუკმაყოფილებლობაზე მიუთითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის საერთაშორისო გამჭივრვალობა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
წყარო: ფორმულა
მასალის გამოყენების პირობები






