რამდენიმესაათიანი აუდიენცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდდა.
ივანიშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ივანიშვილის მიერ უზურპირებულ არჩევნებს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ:
"არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა" , - თქვა ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა მალიამ.
მელია ოპოზიციის გასაგონად ამბობს, რომ არანაირი არგუმენტი, მიზეზი ან საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს.
„ნათქვამ-ნამოქმედარის შეჭმარიტი ფასი დადგება პარასკევს, 11 დეკემბერს. განცხადებებს ვინც დაწერს, ე.ი. ის უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული არჩევნების გაფორმებაზე. ვინც არ დაწერს, მე ასე ვუყურებ, ის უბრალოდ იღებს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს. ვიმედოვნებ, არ აღმოჩნდება არც ერთი ოპოზიციონერი, რომელიც თავისი პარტიის სიით არის გასული პარლამენტში, რომელიც არ დაწერს განცხადებას. სხვის მაგივრად სწორი არ იქნება, რომ ვიმარჩიელო. რაწამს მე ბიძინა ივანიშვილის თამაშს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი , ვიქნები ბიძინა ივანიშვილისთვის 91-ე დეპუტატი“, - განაცხადა მელიამ.
"ევროპულ საქართველოშიც ამბობენ, რომ "ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს".
"თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, მივალთ და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენი სათქმელი რჩება კვლავ იგივე, ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს - იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, ამით „ქართული ოცნება“ დაანებებს ყველა იმ ადამიანს თავს, რომელსაც ატერორებს და ხალიჩის ქვევიდან ეჩალიჩება, რომ შეიყვანოს და თან იძახიან, რომ დიდად არ უნდათ ოპოზიციის ყოფნა" - აცხადებს უგულავა.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ 11 დეკემბერს ოპოზიცია შეიკრიბება და დოკუმენტს მოაწერს ხელს. პირველი ეს იქნება 60 დეპუტატის ხელმოწერა. მეორე პარტიის თავმჯდომარეების ხელმოწერა, რომლებიც საკუთარ პარტიულ სიებს ჩახსნიან და მესამე დოკუმენტი, რომელსაც ხელს სრულიად ოპოზიცა მოაწერს.
"11 დეკემბერს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ყველა, შეიკრიბება და გაკეთდება კიდევ ერთხელ საჯაროდ არამხოლოდ განცხადება, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ეს იქნება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან არჩეულები, აცხადებენ, რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე. ამასთან პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა, თუმცა, საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია. იმიტომ რომ ჩვენ, მთელი საქართველო იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, მიგვეღო ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ კობახიძის პირით სრულიად ოპოზიციას და მედიას გამოგვიცხადეს ომი. რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, საქართველო 21-ე საუკუნეში არ მოითმენს ერთპარტიულ პარლამენტს და ეს პროცესი, ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით, რაც ნიშნავს დღევანდელი ოლიგარქიული და ერთმმართველური ხელისუფლების დასრულებას საქართველოში", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






