პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ რის გამო მოხდა პარტიაში განხეთქილება, ამ ეტაპზე პასუხები არ აქვს, თუმცა, დასძინა , რომ ეს არა საჯარო გარჩევის საგანია, არამედ პარტიის შიგნით სასაუბროა.
„კითხვებზე პასუხები არ მაქვს, პროცესი დაიწყო აქტიურად და დროთა განმავლობაში გადავხარშავთ. არავის არაფერი უფლებამოსილება არ გააჩნია იმ საკითხებზე, რაზეც ზურა საუბრობს, ჩემი არ არის „გირჩი“, რომ ვინმეს მივცე და არც ქონება არის ჩემი, რომ ვინმეს მივცე. შესაბამისად, ეს მოთხოვნები ჩვენი სამეულის მიერ უბრალოდ არაკორექტულია, როგორც მინიმუმ, ვიღაც სხვისთვის უნდა ეთხოვა, სავარაუდოდ. რადგან ასეთი სიტუაცია გვაქვს, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ჩვენ შორის ეს პრობლემა რამ გამოიწვია. ჩვენ საჯაროდ, არც თქვენთან ვილაპარაკებთ, ეს შიდა ჩვენი პარტიული საქმეა და შიგნით ვსაუბრობთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა კონფლიქტი ზურაბ ჯაფარიძის მოთხოვნას „არ მოწიო“ - მეგრელიშვილი პასუხობს, რომ ამის დაჯერება შეუძლებელია.
„თქვენ სერიოზულად თვლით, რომ არ მოწიო განხეთქილების სერიოზული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო? მე და ზურა ჯაფარიძე ვართ ლეგალიზაციის საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელეები, ხოლო იაგი ხვიჩია არის ჩვენი წარმომადგენელი და ჩვენ სამმა ადამიანმა მოვიგეთ ლეგალიზაციის სარჩელი ამ ქვეყანაში, ანუ სამი ადამიანის შედეგია. ერთი ადამიანი მეორე ორ ადამიანს ეუბნება ეგ არ ქნათო, ხომ შეუძლებელია დავიჯეროთ?...
ჩვენი კონფლიქტის დროს იაგო შუაში იჭყლიტებოდა და სულ ჰქონდა ჩვენი გაშველების პრობლემა. პარტია რომ გადაერჩინა, იაგო ხვიჩია აკეთებდა ყველაფერს ამისთვის, რომ ჩემგან და ზურასგან არ დაზიანებულიყო ის საქმე, რასაც ყველანი ერთად ვაკეთებდით და რასაც ყველანი ვაფასებდით... ეს იყო პერსონალური პრობლემა, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი... არაფერი პარტია არ გადაგვიყოლებია, პარტია ცოცხალია, ის კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ეს პარტია კი არა, იდეაა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360გრადუსი“ .
მასალის გამოყენების პირობები






