ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა - როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა თქვეს, მომდევნო შეხვედრა ხვალ, 8 დეკემბერს გაიმართება.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა მედიას უთხრა, რომ გამოიკვეთა ნიშნები საარჩევნო რეფორმის კუთხით, მაგრამ ოპოზციას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს.
"ჩვენ შევთანხმდით ელჩებთან, რომ დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ, რათა შედეგები მალე მივიღოთ. თითქოს, უკეთესი ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა, ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა. შესაბამისად, ამ მიზანს უნდა უკავშირდებოდეს ყველაფერი", - განაცხადა ნათელაშვილმა.
გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოებაზე ისაუბრა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, თუმცა დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რამდენიმე მთავარ საკითხს" პოზიციების დაახლოება არ ეხება
"საზოგადოებას და თქვენ, ჟურნალისტებს ბოდიში უნდა მოგიხადოთ, დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი, ხვალ იქნება შემდეგი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადოებას", - განაცხადა ბაქრაძემ.
ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი თქვა, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო, თუმცა, განსხვავებები რჩება.
"განსხვავებები რჩება, მაგრამ სასარგებლო შეხვედრა იყო. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება იმაზე, თუ რა შიგნით, ეს გამოვიტანოთ გარეთ. ამიტომ, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, დეტალებზე ვერ ვისაუბროთ".
გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრაზე, შეთავაზებები პუნქტობრივად განიხილეს და არსებობს რაღაც საკითხები, რაზეც თანხმობა შედგა.
"გავიარეთ ქართული ოცნების წინადადება და ოპოზიციის წინადადება. იყო საკითხები რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი რაზეც ჯერ კიდევ არ ვართ შეთანხმებულები. არ მაქვს უფლება დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, ამ წუთში რაც არის პუნქტობრივად გავიარეთ საკითხები. იყო რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობა შესაძლებელია, მაგრამ არის რაღაც პრინციპული საკითხები რაზეც შეთანხმება შეუძლებელია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო და არსებობს საკითხები, რაზეც პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ძირითად თემებზე - რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კვლავ დიდი სხვაობაა.
"დღევანდელი დისკუსიის შემდეგ გვექნება შიდა განხილვები. არის საკითხები, რაზეც ყველა თანხმდება, რომ ფუნდამენტურად შესაცვლელია საარჩევნო გარემო, არის საკითხები, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით - ეს არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას",-განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






