ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მოსკოვის მიერ მართულმა ე.წ.-მა სასამართლომ 63 წლის მირიან თეზიაშვილს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის , სოფელ ზარდიანთკარიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს , ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც წესი, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით გატაცებულ პირებს ორ-სამ დღეში, ჯარიმის გათავისუფლების შემდეგ ათავისუფლებდნენ. რატომ არ მოხდა თეზიაშვილის შემთხვევაში ასე, ოჯახისთვის გაუგებარია. ასევე, ოჯახის წევრებს არ ესმით, რატომ არ მივიდნენ მათთან ოჯახში ხელისუფლების წარმომადგენლები: მირიან თიზიაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა ირაკლი ანთაძე (ერგნეთის შეხვედრებზე ქართული მხარის წარმომადგენელი) და მირიან თიზიაშვილის ორთვიანი პატიმრობის შესახებ შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ მირიან თიზიაშვილი ზარდიანთკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს.
აქვე გეტყვით, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება ასევე ზარდიანთკარელი გენადი ბესტაევი. ის შარშან, ნოემბერში, საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის სახლს, დაკავების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს. ახლა იქ ოკუპანტთა ქვეითი შეიარაღებული ჯგუფი პატრულირებს. ასევე, 2020 წლის ივლისიდან ოკუპანტთა ტყვეობაშია ზაზა გახელაძე, რომელიც სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, მანამდე კი ფეხში დაჭრეს.
მასალის გამოყენების პირობები






