ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და მზად არიან „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვისთვის - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად შეთავაზებაც აქვს.
„ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის... ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე „ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






