როცა პოლიტიკა ბინძური თამაში არ არის
უმძიმესი წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. უმძიმესი ტრავმები – იქით სამაჩაბლო, აქეთ აფხაზეთი, უამრავი ბრძოლაში თუ უაზროდ, უბრალოდ კინკლაობაში დაღუპული ქართველი... თითქოს ტკივილის, სხვისი უბედურების აღქმის უნარიც დავკარგეთ, მაგრამ გია ჭანტურია ის სახელია, რომელიც დღემდე სტკივა გონიერ ქართველს. და ეს მარტო იმის ტკივილი არ არის, რომ ახალგაზრდა კაცმა უდროოდ დატოვა ეს საწუთრო; ეს არც მარტო იმის ტკივილია, ეს ერთი უპირველეს ქართველთაგანი ისევ ქართველის ხელით, ისევ ქართველის ვერაგული შეკვეთით რომ დაიღუპა. გია ჭანტურიას სიკვდილი დღემდე სტკივა გონიერ საქართველოს, ყველას, ვინც ამ უდავოდ ნიჭიერი კაცისა და პოლიტიკოსის ფასი იცოდა ან ახლა გააცნობიერა. ვინც ამ საბედისწერო დღეს ტყვია ისროლა, მანაც (ყოველ შემთხვევაში, მისმა შემკვეთმა) იცოდა, ვის ესროლა, ვინ მოუკლა ქვეყანას.
გიას სახით ჩვენმა სამშობლომ დიდი ეროვნული მოღვაწე დაკარგა. გულწრფელად მჯერა, გიას რომ დასცლოდა (რომ დაეცლიათ), ის საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა და მაშინ ქვეყნის საქმეც საწაღმართოდ შემობრუნდებოდა.
გია ჭანტურიას ნაადრევი სიკვდილით რაღაცნაირად გადაიკეტა ის გზა, რასაც ეროვნული მოძრაობა ერქვა.
გია ჭანტურია არა მარტო პოლიტიკოსი, ეროვნული მოღვაწე იყო, არამედ ნამდვილი ვაჟკაცი, განათლებული პიროვნება, სიტყვის პატრონი. მისი შემხედვარე ვერანაირად ირწმუნებდი მოარულ ფრაზას "პოლიტიკა ბინძური თამაშიაო".სიტყვის პატრონი იყო-მეთქი, მოგახსენეთ. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება.10-12 წელი იყო გასული პოეტ თამაზ ბაძაღუას და მისი ოჯახის განადგურების შემზარავი ამბიდან. ვერაფრით მოვახერხეთ მისი უპატრონოდ მიტოვებული ბინა თამაზის რომელიმე ახლობლის სახელზე გაგვეფორმებინა, პატარა მუზეუმი მაინც მოგვეწყო უდროოდ წასული პოეტისათვის. როცა თამაზის კოლეგები ვერას გავხდით, გიას დავურეკე, ვთხოვე, დაგვეხმარე, იქნებ რომელიმე მისი ახლობლის ჩაწერა მოხერხდეს-მეთქი ამ ბინაში. ახლობელიც რომ არ ჰყავდეს, ძაღლს ჩავწერ და ამ ბინას თამაზის სახელზე შევინარჩუნებთო, შემპირდა. ერთ კვირაში ყველაფერი მოაგვარა. ახლა, როცა თამაზ ბაძაღუას ბინაზე გაკრულ მემორიალს შევავლებ თვალს, გიას სახეც მუდამ თვალწინ მიდგას.თუმცა ყოველდღიური შეხვედრები არ მქონია, გიას კარგად ვიცნობდი. "კოლეგებიც" ვიყავით – ჩვენი საერთო მეგობრის, შუკო ჯიქიას გოგონა გიამ მონათლა, ვაჟი – მე. სუფრაზეც გვარიანად მოვილხინეთ. სხვა დროსაც შევხვედრივართ სუფრაზე – სოხუმშიც, ჩემი ძმის, რენე კალანდიას ოჯახშიც. ქართული სუფრა უყვარდა, ლაღი იყო, ლაღად მომლხენი.
ერთი ასეთი კურიოზიც მახსენდება. გიას ჩემი ძმა, რენე ედპ-ის ყრილობაზე მოუწვევია. ამას ყრილობაზე ჩასძინებია. გია ხუმრობდა: ერთ ძმას ყრილობაზე ეძინება, მეორეს – სტადიონზეო. მე მართლაც ჩამეძინა ერთხელ ერთობ დუნე თამაშისას სტადიონზე.სულ სხვა თემაა გია ჭანტურიას განათლება. ერუდიცია. ის ეროვნულ მოძრაობაში მწერლობიდან მოვიდა. ჯერ კიდევ დისიდენტობისათვის პატიმრობაში მყოფმა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "ცისკარში". შესანიშნავად წერდა. ამის დასტურად მისი მცირე მოცულობის რომანი "მოსე" იკმარებდა. მის ნაწერებში ჩანს ის დიდი განათლება, ინტელექტი, რომელიც ამ ახალგაზრდა კაცს უხვად ჰქონდა. ურთულესი პოლიტიკური პერიპეტიების დროსაც ახერხებდა, საინტერესო წიგნი თუ პუბლიკაცია არ გამორჩენოდა, შეეძინა, ჩაჯდომოდა, გაეანალიზებინა.
გია ჩვენს თვალწინ იზრდებოდა და ყალიბდებოდა, როგორც მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე. გია ჭანტურიას სიკვდილი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის; არანაკლებ ტრაგედიაა ისიც, რომ მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსითაა მოცული.ზაურ კალანდია

მასალის გამოყენების პირობები






