გენერალურ პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების კითხვები ეხებოდა მისი მინისტრობისა და უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდს და მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრიმა აღნიშნა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროფესიონალზმსა და პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება.
"კითხვები იყო ძალიან ბევრი, ზოგი იყო ტექნიკური ხასიათის. ძირითადად ეხებოდა ჩემს საქმიანობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. ძირითადი კითხვები იყო იმაზე, თუ რა მექანიკითა და პროცედურით საქმიანობდა ეროვნული უშიშროების საბჭო სხვადასხვა საკითხებთან, მათ შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაციასთან დაკავშირებით. ასევე, ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რა შეემხებლობა მქონდა მე, როგორც მინისტრს, სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობასთან. ბევრი კითხვა იყო, ყველა კითხვას ვუპასუხე. იცით, რომ კომისია იყო უწყებათაშორისო სახელმწიფო კომისია, ის არ ექვემდებარებოდა არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და გამომძიებელთანაც ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებით. მე არც მაშინ და არც დღეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში. ჩემი აზრით, ამ საქმის გამოძიება შეიძლება ამ ადამიანების წინასწარი დაკავების გარეშე.
ცნობისთვის, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი პროკურატურაში მოწმის სახით დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






