ფიქტნეს-ცენტრმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა:
"რეფორმერ-ფიტნესის გუნდი წარმოადგენს თავისუფალი, პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობას, გუნდს რომელსაც სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე კაცობრიობისთვის.
ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა ხვრელი კანონმდებლობაში და გვერდის ავლით გაგვეგრძელებინა საქმიანობა, რისი უნარიც ნამდვილად გვაქვს, მაგრამ რადგანაც ეს უსამართლობა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და შედეგად ყველა უფრო და უფრო ვღარიბდებით, ჩავთვალეთ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტად ვღარიბდებით მით უფრო მცირე რესურსი გვრჩება ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნვისთვის, ამიტომ
გადავწყვიტეთ დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა და არ შეგვეწყვიტა საქმიანობა...
მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არარის მზად ვირუსთან საბრძოლველად (თითქოს ეს ან მოქალაქეების ან მეწარმეების ბრალია) და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ სიღარიბისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ სიცოცხლეს.
ჩვენ, როგორც ბიზნესს კარგად გვაქვს გააზრებული ის ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს ამ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად არ ვაპირებთ გაჩერებას" - ნათქვამია განცხადებაში.
"გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე დღეს ბათუმში ჩავიდა და ფიტნეს-დარბაზი ბინად იქირავა, რათა შეზღუდვების გამო კიდევ ერთხელ არ დააჯარიმოს სახელმწიფომ:
"ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნეს-კლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში უნდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






