რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე უარყოფს, რომ რუსეთის წარმომადგენელ, გრიგორი კარასინთან შეხვედრისას 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრეს.
"კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი -"დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია", - აცხადებს ბაშიძე.
გარდაა ამისა აბაშიძის განცხადებით, შეხვედრისას კარასინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენაზე საუბარს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ დაიწყებენ, თუ საქართველოში "რუსოფობიული გამოხტომები" შეწყდება. მისივე თქმით, პასუხად კარასინს უთხრეს, რომ მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება.
"რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება.
ჩვენი პასუხი ასეთი იყო - ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა", აღნიშნა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






