ოპოზიცის სამოქმედო გეგმაზე ლეიბორისტების ოფისში ამ წუთებშიც მსჯელობს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიები იმსჯელებენ, რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია ქართული ოცნების პარლამენტის შეკრების პირველ დღეს.
"ჩვენი მხრიდან კომპრომისული წინადადება არის ის, რაზეც უნდა მივიღოთ პასუხი შემდეგ რაუნდზე ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან - ვადამდელი არჩევნები და ამ ქოლგის ქვეშ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომ გვქონდეს შემდეგი, არსებითად ნორმალური არჩევნები. ამ ფარგლებში უნდა მოვისმინოთ "ოცნების" საპასუხო წინადადება". - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის პოზიცია ბოიკოტის რეჟიმთან დაკავშირებით მყარია და იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება.
"სამწუხაროა, ყოველ დღე, სანამ ეს კაცია ქვეყანაში და სანამ ეს ვითარებაა, ამის ფასს იხდის ქვეყანა, ეს იქნება ეკონომიკის თუ ჯანმრთელობის კუთხით. და ეს ზიანი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში. ქვეყანას ამ ვითარებიდან გამოსასვლელად სჭირდება ახალი არჩევნები. ოპოზიცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს განგრძობით პროტესტში იმდენი ხანი, რამდენი ხანიც დასჭირდება მ ვითარებას, ამ წნეხს ქვეყნის შიგნიდან და გარედან". - განაცხადა ბოკერიამ.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის განცხადებით ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში გარდაუვალია.
ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტი, სადაც მხოლოდ ერთ პარტია იქნება, სრულფასოვნად ვერ იმუშავებს.
ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ორი ვერსია არსებობს.
„პირველი ვერსია არის ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც კონსტიტუციურად უგრძელდება უფლებამოსილება იქამდე ვიდრე ახალი პარლამენტი არ შეიკრიბება, მიიღოს ის აუცილებელი საარჩევნო ცვლილებები, რომელიც შექმნის სანდოობის წინაპირობას ახალი არჩევნების ჩატარებისთვის. ეს შესაძლებელია მოხდეს ძალიან მოკლე დროში. დაჩქარებული წესით ეს შეიძლება ერთ თვეში მიიღოს პარლამენტმა, რომელსაც ჯერ აქვს ლეგიტიმაცია და ასევე ამის შემდგომ ახალი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ეს შეიძლება იყოს ადრეული გაზაფხულის რომელიმე თვე. ეს არის ერთი ვერსია, რაც უმტკივნეულო გამოსავალია. არის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამ ვერსიას იზიარებენ. მეორე ვერსიაა, თუ იჩქარებს „ქართული ოცნება“ და ახალ პარლამენტს, რომელიც იქნება პოლიტიკურად კოჭლი პარლამენტი, იმიტომ, რომ ის კონსტიტუციურად სრულფასოვანი ვერ იქნება, თუ მაინც შეკრებს და დაიწყებს უფლებამოსილების ცნობას, რთული იქნება ამ პარლამენტის საშუალებით ამ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ახალი არჩევნების ჩატარებას სჭირდება, თუმცა ეს იქნება მეორე ვერსია. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი „ქართული ოცნებისთვის“. წარმოიდგინეთ, როგორია საერთაშორისო პარტნიორებისთვის მარტო დარჩენილი, ერთ პარტია პარლამენტში. რომელ გზას აირჩევს მმართველი პარტია, ეს იქნება მათი მხრიდან გადასაწყვეტი. ვფიქრობ, რომ პირველი ვერსია უკეთესი იქნება“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






