აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, გიგა მაქარარაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ილიჩოვასა და მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.
"მორიგი სამარცხვინო აქტია ამ უსახური უწყების. საერთო ჯამში ეს აქცია ეძღვნება ამ ადამიანების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლება. არ გაჩერდება ეს ტალღა. ამ ადამიანებს საპატიმროში ყოფნის არც ერთი წამი ეკუთვნოდა", - განაცხადა მაქარაშვილმა.
ადგილზე აქტივისტებს მიტანილი აქვთ ბიძინა ივანიშვილის ფოტო და ასევე წარწერები : "დუმილი დანაშაულია, შემდეგი იქნები შენ".
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეს პოლიტიკას უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






