"ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ვერშბოუმ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა რუსეთის გამო მისი მეზობელი ქვეყნები უკანა პლანზე არ უნდა გადაწიოს. დიპლომატის თქმით, აშშ საქართველოს, უკრაინასა და ბელარუსს საკუთარი ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დაცვაში უნდა დაეხმაროს და რუსეთთან ურთიერთობის განსაზღვრისას ამ სახელმწიფოების ფაქტორები გაითვალისწინოს:
ჩვენი პრინციპების ხარჯზე, ნუ შეეცდებით პუტინთან დიდი გარიგებების დადებას. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე, ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები. მაგრამ, ამ ყველაფრის თქმისას, ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი, ხელისუფლებაში შესაძლოა კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავკლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში.
ამიტომ, ურთიერთობის სტაბილიზება, ახლო პერიოდში, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ პასიურები და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. ჩვენი რჩევაა, როდესაც ჩართულები ვართ რუს პოლიტიკურ ლიდერებთან, ოფიციალურ პირებთან, ასევე უნდა დავუკავშირდეთ რუსულ სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით, ახალ თაობას. შესაძლოა ეს უფრო გართულდეს, როცა რუსეთში ოპოზიციურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უცხოეთის აგენტებად ნათლავენ. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ ახალ გზებზე, რათა ჩამოვიყვანოთ რუსეთის მეტი ახალგაზრდა მოქალაქე ამერიკასა და ევროპაში. საპასუხოდ უნდა ვიბრძოლოთ საინფორმაციო სივრცეში, რათა ნათელი გავხადოთ დასავლეთის მიზნები. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები სასარგებლო იქნება ახალი ადმინისტრაციისთვის და ასევე იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები საფუძველი იქნება ტრანსალტლანტიკური სტრატეგიისა რათა, ადრე თუ გვიან, მტრობა უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობად იქცეს“ - აცხადებს ვერშბოუ.
მისივე განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის შესაძლოა ახალი სტატუსი შეიქმნას. როგორც დიპლომატი ამბობს, ორი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა აქამდეც უნდა შესულიყო ალიანსში, თუმცა სწორი ფომის მოძებნა ვერ მოხერხდა:
„ნატოში რუსეთის წვერობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ - განაცხადა ვერშბოუმ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ 2001-2005 წლებში რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო პუტინის მმართველობის მანკიერი მხარეები ყველაზე კარგად იცის.
მასალის გამოყენების პირობები






