საქართველოს მესამე პრეზიდენტი ,მიხეილ სააკაშვილი , "ვარდების რევოლუციის" შედეგებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მოვლენამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და აქცია სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ.
სააკშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციამ საქართველოში ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოიყვანა.
მისი თქმით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მიღწეული წარმატებიდან - 2012 წელს, რუსეთის მიერ მოგზავნილი ოლიგარქის მეშვეობით საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
“ვარდების რევოლუცია იყო ის მოვლენა, რომელმაც საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და რომელმაც საქართველო აქცია მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ, ეს არის ისტორიული უტყუარი ფაქტი. ვარდების რევოლუცია არის მოვლენა, რომელზეც ლაპარაკობდა მთელი მსოფლიო და რომელსაც აშუქებდა. ვარდების რევოლუციამ ჩამოიყვანა საქართველოში ამერიკის 3 პრეზიდენტი. მაჩვენეთ ერთი პატარა ქვეყანა, ჩვენი გეოპოლიტიკის მქონე, სადაც ნამყოფია ამერიკის 3 პრეზიდენტი: ეს არის ჯორჯ ბუში, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი. მართალია, ზოგი მოგვიანებით გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ.
ვარდების რევოლუცია არის ის, რამაც საქართველო აქცია ნომერ პირველ რეფორმატორად მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რომელმაც 4-ჯერ გაზარდა საქართველოს ეკონომიკა. რომელმაც საქართველო აქცია ფუნქციონირებად სახელმწიფოდ და სიამაყის თემად მსოფლიოში გაბნეული ქართველებისთვის. ამგვარად ეს არის მართლაც წარმოუდგენელი მასშტაბის ისტორიული მოვლენა. რეალურად ვარდების რევოლუციის შედეგად ჩვენ მივიღეთ ფუქციონირებადი სახელმწიფო, შემდეგ 2012 წელს ეს სახელმწიფო მიიტაცა ერთმა ოლიგარქმა, რომელის გამოგვიგზავნა რუსეთმა, ეს ეჭვს არ იწვევს საერთოდ. მას ამ საქმისთვის მისცა 2 მილიონი დოლარი, პუტინმა თქვა, რომ ჩვენ დაველოდებით არჩევნებს და დავუჭერთ მხარს, ვისაც დავუჭერთ, დაუჭირეს მხარი და გამოაგზავნეს, მოხდა ქართული სახელმწიფოს მიტაცება, ახლა ხდება ქართული სახელმწიფოს განადგურება, რომელიც თუ ამათ შერჩათ არჩევნების მოპარვა საბოლოოდ წერტილი დაესმებ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ამიტომ ჩვენ დიდი აღმავლობიდან და აღმაფრენიდან დავედით, მივედით დღევანდელ უღრმეს კრიზისამდე” - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა “დღის სტუმარში“.
შეგახსენებთ, ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა. გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოყვა, 2003 წლის, 23 ნოემბერს საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გადადგა და ხელისუფლება რეფორმატორთა გუნდმა გადაიბარა.
მასალის გამოყენების პირობები






