რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, შეზღუდვები უკვე 5 დღეა მოქმედებს. მიუხდევად დაწესებული შეზღუდვებისა, დამსვენებლები წესებს არღვევენ და დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადაადგილდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას.
ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები" ვკითხულობთ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






