ერთპარტიული მეორე ტური - "ქართული ოცნების” ოფისში კვლავინდებურად ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია თავის ამომრჩევლს “ფარულად მობილიზებას" ეწევა.
იდენტური განცხადებები გააკეთეს კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ და ახლა უკვე მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მიუხედავად გაცხადებული ბოიკოტისა, ოპოზიცია მაინც ცდილობს, ამომრჩევლები უბნებზე მიიყვანოს.
“ოპოზიციის მიერ მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად. შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც”, - ირწმუნება ტელეკამერების წინ მამუკა მდინარაძე.
მსგავსი განცხადება გააკეთა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემა. ამ საკითხს ბრიფინგი გუშინ მიუძღვნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ.
“ოცნების” განცხადებებს “ტვ პირველის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და არასერიოზულად შეაფასა ბრალდებები.
“არ ვიცი, თუ შეიძლება, ამას სერიოზულად გასცე პასუხი იმიტომ, რომ ბევრჯერ გავეცით პასუხი სერიოზულად და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს: გუშინწინ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არ ვიღებთ[მეორე ტურში] მონაწილეობას. მათ შორის, ჩვენი ბლოკის არცერთი კანდიდატი და ოპოზიციის არცერთი კანდიდატი.
ყველა ეთერს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის არის სასურველი დემოკრატიის იმიტაციისთვის.
მათი ეს განცხადებები ნიშნავს მხოლოდ ერთს: მათ სურთ, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს მეორე ტურს”, – აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






