„ქართული ოცნების“ ახალი ლოგიკა - პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.
მეტიც, კობახიძე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია, პარლამენტი ერთპარტიული იქნება თუ არა.
„ქართული ოცნება“ არცერთ შემთხვევაში არ იქნება პარლამენტში მარტო - თქვა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ზე“, „ღამის კურიერში“ და ოპოზიცია "შანტაჟში" დაადანაშაულა.
„ამ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი კონსტიტუციაშია გაწერილი... ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს“- დასძინა მან.
კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში პროცედურები შემდეგნაირადაა გაწერილი: თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა:
„ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, - ანუ უმრავლესობა, - დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას“ - განმარტა მან და იქვე აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, თუმცა:
„პარლამენტის [უმრავლესობის] გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. პარლამენტს, ისევ 76 დეპუტატს, შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






