გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე ერთი მთავარი ნიშნით შეარჩია - კლანის მიმართ ერთგულება, რომელიც იმ დავალებების შესრულების გარანტიას იძლევა, რასაც თავად კლანი უბრძანებს - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი მოსამართლეების დანიშნვის საკითხს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, კლანისთვის მნიშვნელოვანია არა მოსამართლეების გამოცდილება და პროფესიონალიზმი, არამედ არამედ მათი მორჩილების უნარი, რათა პოლიტიკური დაკვეთები შეასრულონ.
„მთავარი პრინციპი, რითიც მოსამართლეები ბოლო პერიოდში ირჩევიან, არის კლანის ერთგულება და მათი ინტერესების გატარება. ამ ჯერზე მოსამართლეების ძალიან მცირე რაოდენობა დაინიშნა, რომლებიც მართლა ღირსეულები იყვნენ, მაგრამ ძირითად ნაწილში იგივე პრინციპით მოქმედებდა კლანი. ეს პრობლემა გამოიწვია იმან, რომ კლანს აქვს ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა, სისტემაში არანაირი ანგარიშვალდებულების მექანიზმები არ არსებობს, ამიტომ, რაც უნდათ, იმას აკეთებენ“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.
„სასამართლოში მოსამართლეები ინიშნებიან ერთი მთავარი პრინციპით - ეს არის შიდა კლანური ერთგულება. კვალიფიკაციას მნიშვნელობა აქვს იმ გაგებით, რამდენადაც ეს გამოადგება კლანს - განაცხადა "უფლებები საქართველოს" წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა.
„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას საქართველოში, ამაში აშშ ამა თუ იმ ფორმით, იქნებოდა ეს საელჩო, იქნებოდა იუსტიციის დეპარტამენტი ვაშინგტონში, ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან ფუნდამენტურად იყვნენ ჩართულნი ბოლო წლების განმავლობაში და ეს კვლავ გაგრძელდება. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რომ სასამართლო რეფორმა არის ამერიკის შეერთებული შტატების ამომწურავი ყურადღების ცენტრში“ - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნულ 36 მოსამართლეს შორის ერთ-ერთი არის რევაზ ნადოი, რომელიც პოლიტიკური საქმეების პროკურორი იყო. ის უძღვებოდა ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორებიც იყო ციხის ბუნტის საქმე, ბაჩო ახალაიას საქმე, ჟვანიას საქმე და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






