შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთიანი ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთ აზრზე რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, რადგან ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოლოდინშია:
„ჩვენ არ ვასაჯაროებთ შეხვედრის დეტალებს - ეს არის ჩვენი შეთანხმება, ჩვენი პოზიცია არის იგივე - მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშნვას სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და იმ გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან ყურადღებით წავიკითხე, იქ არის აღნიშნული, თუ რა დარღვევბს ჰონდა ადგილი და პრაქტიკულად, არ დარჩენილა დარღვევა, რომელიც შესაძლებელია დაფიქსირდეს არჩევნების დროს და არ არის აღნიშნული სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში“ - განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ჩემი 45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით - ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამყვანი სახელმწიფოს მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული და ასევე, ის ფაქტი, რომ მოადგილე რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით ფაქტებით დართვევებზე, ფაქტებით გაყალბებებზე, ფაქტებით იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმების და ის ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ კრიზისიდან. გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთული არის ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, მდგომარეობა რეგიონებში, რაოდენ რთული არის ის, რომ მთელი მსოფლიო გაყინულია და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა კომპრომისის მონახვა და ჩვენს უკან დგას საქართველოს უამრავი ათასი მოქალაქე და ითხოვს სამართლიანობის აღდგენას“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.
„ერთ შეხვედრაში არც ის ხდება და არც ეს, პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციასთან ხელისუფლების ანგარიშგასაწეობის საკითხის ხაზგასმაა, როცა ეს შეხვედრა მოხდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია მოწოდება შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად დღეს ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქ არ არის საუბარი იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავარი გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ბოიკოტი ასე ვერ შეწყდება და ჩვენ ავუხსენით, რომ პარლამენტში, სამწუხაროდ, არაფერი არ იცვლება, აქედან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე შეთანხმება, რომელზეც შეიძლება იყოს მსჯელობა პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ და რომელიც შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი. ჩვენ რომ ახლა ავდგეთ, თავი დავადოთ და რომელიმე შევიდეთ პარლამენტში, მერე იქ საპარლამენტო ინიციატივებით დავაყენოთ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, ამაზე არავინ არ წამოვა. როგორც ჩვენთან იყო გზავნილები, ისე იყო მათ მიმართაც, რომ დეპოლარიზაცია და ეს კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. ჩვენ დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ“ - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ოპოზიცია დღესაც იყო ერთიანი, ისევე, როგორც ყველა წინა შეხვედრაზე და მოლაპარაკების რაუნდზე. პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, თუმცა შემოთავაზებული იყო ის, რომ ხომ არ ჯობია, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის? რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო საარჩევნი კომისია, საქართველოში არ არსებობს. ამიტომ ეს ბრძოლა უშინააროსა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?" განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერი საქართველოში დარჩა და ოპოზიციასთან დაუგეგმავი შეხვედრა ჩანიშნა, რათა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გაცნობოდა.
მასალის გამოყენების პირობები






