თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებულით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ნარიმანიძის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ანა უთიაშვილის ადვოკატი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ საზარელი მკვლელობა თემქაზე 14 ნოემბერს მოხდა - დანაშაულში ეჭვმიტანილმა ნიკა ნარიმანიძემ პარტია "კანონი და სამართლის" წევრის ლევან შაბურიშვილის სახლში ყელი გამოჭრა მის მეგობარს მიშო მელიქიშვილს და ბინის მეპატრონის მკვლელობაც სცადა. ყელის არეში დაჭრილმა შაბურიშვილმა თავს გაქცევით უშველა, ნარიმანიძემ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა.
ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს მისი მეგობარი გოგონაც, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ნარიმანიძესთან ერთად იმყოფებოდა. გამოძიება მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა ნარიმანიძე წარსულში რამდენჯერმემ არის ნასამართლევი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






