ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა", - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
IRI-ში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე.
"დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო", - აღნიშნულია ანგარიშში.
IRI ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართავს:
"საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა -განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას - სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები შედეგების შეჯამების პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფართომასშტაბიან გადამზადებას", - ნათქვამია IRI-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ და დროული რეაგირება მოახდინონ ამომრჩეველთა ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მისამართით ჩადენილ დანაშაულებზე.
მასალის გამოყენების პირობები






