"ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, დიპლომატების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრაზე ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა.
„დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.
როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ.
მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება”, - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






